ძვირფასო კოლეგებო,
მოგეხსენებათ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური ავადმყოფობაა. მისი მართვისათვის მთელ მსოფლიოში შექმნილია პრევენციის, სკრინინგ დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროგრამები. მისასალმებელია, რომ საქართველოშიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა; ამ პროგრამამ სისტემური ხასიათი უნდა მისცეს ქალთა სიმსივნეების, მათ შორის კი ცხადია, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის აქამდე არსებულ ცალკეულ მცდელობებს.
პატივისცემით,
ჩვენი საზოგადოების მთავარი მიზანია - საშვილოსნოს ყელის კიბოს სრული კონტროლის ხელშეწყობა საქართველოში.
ამის შესრულება თქვენი მხარდაჭერის, მთლიანად სამედიცინო საზოგადოების გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც ჩვენ გვინდა ვითანამშრომლოთ ყველა იმ პირთან თუ ორგანიზაციასთან, ვინც იზიარებს ამ მიზანს.
დღეს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრობლება გასცდა მედიცინის ცალკეული დარგების კომპეტენციას, ანუ ის აღარ არის მხოლოდ გინეკოლოგების ან ონკოლოგების საზრუნავი.
ამ პათოლოგიის ინფექციური წარმომავლობის აღიარების შედეგად HPV ტესტირება, როგორც სკრინინგ მეთოდი, და ახლა უკვე HPV ვაქცინაცია, როგორც პროფილაქტიკის მეთოდი, სულ უფრო ფართედ იკიდებს ფეხს მთელ მსოფლიოში.
ამიტომ, ვიწვევთ ინფექციონისტებს თანამშრომლობისათვის.
PAP ტესტირება რჩება მთელ მსოფლიოში აღიარებულ სკრინინგ მეთოდად, ხოლო კოლპოსკოპიის კონტროლით ჩატარებული დამიზნებითი ბიოფსიის შედეგად მიღებული ქსოვილის ჰისტომორფოლოგიური დიაგნოზი - ყოველი კერძო შემთხვევის მართვის საფუძვლად.
ამიტომ ვიწვევთ პათოლოგანატომებს და ციტოლოგებს ჩვენს საზოგადოებაში თანამშრომლობისათვის.
ჩვენ ვთხოვთ თანამშრომლობას ყველა გინეკოლოგს და კოლპოსკოპისტს, რათა მოხდეს ამ სფეროს ერთიან სტანდარტში მოქცევა - დაწყებული უნიფიცირებული ქართულენოვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრებით და დამთავრებული საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების ნაციონალური გაიდლაინის შექმნით.
მაგრამ უმთავრესია, ერთობლივად მოვახერხოთ საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო განათლების, კერძოდ რეპროდუქციულ პათოლოგიათა თაობაზე ქალთა ინფორმაციულობის დონის და ჯანდაცვის პროგრამებში მათი თვითმონაწილეობის ხარისხის ამაღლება. ამიტომ თანამშრომლობისათვის ვიწვევთ ოჯახის ექიმებს.
მე მჯერა, რომ ერთიანი თანადგომით ჩვენ შევძლებთ საშვილოსნოს ყელის კიბოს დამარცხებას.
თამარ ალიბეგაშვილი
საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის
და კოლპოსკოპიის საზოგადოების თავმჯდომარე,
ექიმი-გინეკოლოგი,
მედიცინის დოქტორი.